სტუდენტური პორტალი


სიახლეები


Erasmus+ SAFEMED+-ის პროექტის დახურვის ცერემონია

2023-10-13

Erasmus+ SAFEMED+-ის პროექტის დახურვის ცერემონია

თბილისის სამედიცინო აკადემიაში Erasmus+ SAFEMED+-ის პროექტის დახურვის ცერემონია გაიმართა. დასკვნით ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისს კონსორციუმის მონაწილე უნივერსიტეტების დელეგაციები უკრაინიდან, სომხეთიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან და ლიეტუვიდან ეწვივნენ. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ Erasmus ეროვნული ოფისების (NEO) წარმომადგენლები უკრაინიდან და სომხეთიდან, რომლებიც დისტანციურად მიესალმნენ აუდიტორიას. ასევე, ღონისძიებაში დისტანციურად ჩაერთო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ნათია გაბიტაშვილი, რომელმაც Erasmus+-ის მიერ შემოთავაზებული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ღონისძიება გახსნა თსა-ს ვიცე-რექტორმა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ია ავალიანმა, რომელიც ამავდროულად პროექტის კოორდინატორია. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თსა-ს რექტორი ირინე შოთაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო წერეთელი, თსა-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი და კონსორციუმში მონაწილე სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

პროექტი SAFEMED+ „სიმულაცია დიპლომამდელ სამედიცინო განათლებაში პაციენტის მოვლის უსაფრთხოებისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად“ სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და გულისხმობდა სამედიცინო განათლებაში ინოვაციების დანერგვას, გამოცდილების გაზიარებას და თანამედროვე მიდგომით კლინიკური ხაზის გაძლიერებას. ასევე, კომპეტენციაზე დაფუძნებული, სამედიცინო სიმულაციური სწავლების დანერგვას და განვითარებას მონაწილე უნივერსიტეტებში, მოთხოვნების შესაბამისად, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა შორის სათანადო კლინიკური კომპეტენციების ჩამოყალიბებას.

დისემინაციის ფარგლებში, მიღწეული შედეგების შეჯამებასთან ერთად, კონსორციუმის მიერ შექმნილი წიგნის “OSCE და კლინიკური ხაზის როლი მედიკოს სტუდენტთა კლინიკური კომპეტენციების განვითარებაში” პრეზენტაციაც გაიმართა. წიგნი გამოიცა ქართულ, ინგლისურ, უკრაინულ და სომხურ ენაზე და საავტორო ხელმოწერებით გადაეცათ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს.

სამწლიანი პროექტი შეიქმნა, დაიგეგმა და განხორციელდა უშუალოდ თსა-ს თაოსნობით, რომელმაც გააერთიანა კონსორციუმი, სადაც თავმოყრილი იყო ცხრა უნივერსიტეტი საქართველოდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან და ლიეტუვიდან.